მამუკა მდინარაძე - რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს იმ ადამიანმაც კი, რომელსაც ყველა თანავუგრძნობთ, მტკიცებულებების გარეშე, ბრალს ვერავის წაუყენებენ
მამუკა მდინარაძე - რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს იმ ადამიანმაც კი, რომელსაც ყველა თანავუგრძნობთ, მტკიცებულებების გარეშე, ბრალს ვერავის წაუყენებენ

რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს იმ ადამიანმაც კი, რომელსაც თანავუგრძნობთ მთელი ქვეყანა, მტკიცებულებების გარეშე, ბრალს ვერავის წაუყენებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დროებით საგამოძიებო კომისიას აუცილებლად დაგვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული ქმედითი ნაბიჯი და დამატებითი მტკიცებულებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჭეშმარიტების დადგენასა და ობიექტურობას.

მეორე, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა, იმ ადამიანმაც კი, რომელსაც ძალიან თანავუგრძნობთ მთელი ქვეყანა, თუ არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ვერაფრით ვერ წაუყენებს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალს ვერც ერთ ადამიანს, ხოლო თუ იქნება ელემენტარული საფუძველი და ამ საფუძვლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მტკიცებულებების მოგროვება კონკრეტული ადამიანების მიმართ, არავინ აპირებს ვინმესთვის ხელის დაფარებას“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მიესალმება შსს-ს მიერ მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც სუბელიანს წაუყენეს, დამაკმაყოფილებელი არ არის. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მირზა სუბელიანის მეუღლემაც იცოდა, ვინ იყო მკვლელი, თუმცა დაკავებული არ არის.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.  

უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.

ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.