ზაზა სარალიძე - მირზა სუბელიანის მეუღლემაც იცოდა, ვინ იყო მკვლელი, რატომ არ არის ის დაკავებული
ზაზა სარალიძე - მირზა სუბელიანის მეუღლემაც იცოდა, ვინ იყო მკვლელი, რატომ არ არის ის დაკავებული

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მიესალმება შსს-ს მიერ მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც სუბელიანს წაუყენეს, დამაკმაყოფილებელი არ არის.

„მივესალმები შსს-ს ამ ნაბიჯს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც წაუყენეს მირზა სუბელიანს, ეს არანაირად დამაკმაყოფილებელი არ არის იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა დანაშაულებრივი წვლილი მიუძღვის ამ საქმესთან დაკავშირებით. შეუტყობინებლობაზე მთელი ექვსი თვის განმავლობაში ვიძახდი, რომ ეს პიროვნება მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის არის დასაკავებელი, გადადგეს ეს ნაბიჯი, მაგრამ არ არის წარდგენილი ბრალი ამ საქმეში უხეშად ჩარევისთვის.

მირზა სუბელიანი, როდესაც კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა, იქ მანამდე იმყოფებოდა მისი მეუღლე და მისი შვილი, რომელიც რამდენიმე საათში სუბელიანმა საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად წარადგინა. თუ მირზა სუბელიანმა ნახა ეს მკვლელი, მისმა შვილმა არ დაფარა? რომლის მოწვევითაც იყო მისული იქ. მისი შილი დაკავებული არ არის. ასევე არ არის მისი შვილი დაკავებული ამ საქმის ორგანიზატორობისთვის.

მისმა მეუღლემ ძალიან კარგად იცოდა, მკვლელი ვინც იყო, რატომ არ არის დაკავებული მისი მეუღლე, რომელმაც ნახა ასევე ეს ადამიანი, იცოდა მკვლელი იყო, ეს რა თქმა უნდა, შეუტყობინებლობაა. ასევე არის კიდევ ერთი ქალბატონი, კალანდიას დედა, რომლმაც იცოდა, მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა.

როდესაც ზუსტად ასეთი მოთხოვნები პროკურატურაში მქონდა ზვიად ფხაკაძესთან, ასეთი პასუხი მივიღე ციტირებას მოვიყვან – კარგი რა, მთელს ოჯახს ხომ არ დავიჭერთ. რას ქვია მთელს ოჯახს ხომ არ დავიჭერთ/ დამნაშავე არის ყველა დასაჭერი. სუბელიანის დღევანდელი დაკავება ჩემთვის იყო ის გადმოგდებული საკენკი და ეს იყო ძალიან უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებისგან, თითქოს ამით მე გავჩერდები. მე მარტო მირზა სუბელიანზე არ მქონდა საუბარი. მე ჩამოვუთვალე კალანდია, საქმის პროკურორები, რომლებიც პირდაპირ პასუხისგებაში არიან მისაცემი“, – განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.  

უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.

ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.