მამუკა მდინარაძე – პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სქემა გახსნა
ზუსტად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რას უკვეთავდნენ, რა საქმეებით იყვნენ დაკავებულები, ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გაიხსნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი საქმე, რომელსაც სახელმწიფო და პროკურატურა გახსნის, შეაფასოს მორიგ პიარად, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი სტანდარტისთვის საკმარისი მტკიცებულებები შეგროვდა და ამის შემდეგ მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება.
„როდესაც შესაბამისი სტანდარტისთვის ყველა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება გახდა შესაძლებელი, ამის შემდეგ აცნობეს საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება. ალბათ არსებობს დამატებითი მტკიცებულებები, რაც ბრალის დამტკიცებისთვის იყო დამაკმაყოფილებელი. ბრალის წარდგენისთვის მხოლოდ ერთი აუდიოჩანაწერი არ იყო საკმარისი, შესაძლებელია იქ იყოს ჩვენებები, იყოს დამატებითი მტკიცებულებები და პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალის სტანდარტისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ გამოვიდა გადაწყვეტილება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.