მამუკა მდინარაძე - მესმის თითოეული შვილმკვდარი ადამიანის და მათი პროტესტის ნებისმიერი ფორმის, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს კანონის ჩარჩოში
მამუკა მდინარაძე - მესმის თითოეული შვილმკვდარი ადამიანის და მათი პროტესტის ნებისმიერი ფორმის, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს კანონის ჩარჩოში

შვილმკვდარმა მამამ რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი იქნება გასაგები და აბსოლუტურად თანავუგრძნობ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციებთან და რუსთაველის გამზირის გზის სავალი ნაწილიდან კარვების აღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მესმის თითოეული შვილმკვდარი ადამიანის და მათი პროტესტის ნებისმიერი ფორმის, მაგრამ ამავდროულად, ამას აქვს მეორე მხარე – ყველა პროტესტი უნდა იყოს კანონიერ ჩარჩოში მოქცეული და ყველა პროტესტს სახელმწიფო უნდა მიუდგეს ადეკვატურად, რომ სახელმწიფო იდგეს თავის ადგილას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, პოლიცია მუშაობს კანონის ჩარჩოებში.

„ბუნებრივია, პოლიცია მუშაობს კანონის ჩარჩოებში და ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ აზრის გამოხატვას არანაირად არ შეუშალოს ხელი, მეორე მხრივ, თავისი საქმე გააკეთოს, რომ დესტაბილიზაციის მცირე საფრთხეც კი არ გაჩნდეს და მოქალაქეებს ჰქონდეთ დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ” გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც,  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.