მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძემ უნდა წარმოადგინოს წერილი, თუ არსებობს, ამ შემთხვევაში, კომისიის შექმნაზე მსჯელობა კიდევ შეიძლება
მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძემ უნდა წარმოადგინოს წერილი, თუ არსებობს, ამ შემთხვევაში, კომისიის შექმნაზე მსჯელობა კიდევ შეიძლება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ უნდა წარმოადგინოს, რა საშუალებით მოიპოვა და არსებობს თუ არა საერთოდ წერილი, ამაზე პასუხი უნდა გასცეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა კიდევ შესაძლებელია.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სასაცილო სიტუაციაში ვიქნებით, რომ თურმე, წერილი საერთოდ არ არსებობს. მაშინ კომისიამ რა უნდა აკეთოს? უნდა იმსჯელოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც „თიბისი ბანკო“ დაეთანხმა? ბუნებრივი ლოგიკაა, რომ ხაზარაძემ წერილის შინაარსზე ისაუბროს, წერილი წარმოადგინოს, თუ არსებობს. მტკიცებულებების წარდგენას ვითხოვთ. არაერთი კითხვის მიუხედავად, წერილის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამასთან,  ხაზარაძეს მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. ხაზარაძე სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ წერილი თან აქვს.