მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხი „ქართული ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე არ განხილულა
მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხი „ქართული ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე არ განხილულა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უმრავლესობის დეპუტატებს არც პირად საუბარში განუხილავთ და არც – უმრავლესობის ფორმატში.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გადაყენების პროცედურის დაწყების მოთხოვნა არ დაუყენებიათ არც დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქციის ლიდერები ესწრებოდნენ.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ეს მხოლოდ ერთი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებაა და ამას სერიოზული საფუძველი არ აქვს.

„ეს იყო ერთ-ერთი დეპუტატის განცხადება, არანაირი სერიოზული საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს, მსგავსი საკითხი პარტიაში შეხვედრის დროს, უმრავლესობის ფორმატში ან დეპუტატებთან პირად საუბრებში არ განხილულა და გარწმუნებთ, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს.

კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ირაკლი კობახიძის პოსტიდან გადაყენების პროცედურის დაწყება, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ თუ გედევან ფოფხაძის გარშემო დაწყებული პროცესი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია.

ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.