მამუკა მდინარაძე - გვარები არ გვეშლება, შეიძლება, კონტრაქტს ხელს აწერდნენ სააკაშვილი, ნაყოფია ან ბოკერია, მაგრამ ლობისტურ კომპანიასთან წარმომადგენელი არის ბათუ ქუთელია
მამუკა მდინარაძე - გვარები არ გვეშლება, შეიძლება, კონტრაქტს ხელს აწერდნენ სააკაშვილი, ნაყოფია ან ბოკერია, მაგრამ ლობისტურ კომპანიასთან წარმომადგენელი არის ბათუ ქუთელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს პასუხობს.

მდინარაძის თქმით, აპლიკაციის პირველ გვერდზე მითითებულია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს ბათუ ქუთელია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების  მიერ საპასუხოდ წარმოდგენილ კონტრაქტს, სადაც ხელს აწერს კობა ნაყოფია, მდინარაძე ამბობს, რომ შესაძლოა მათ ბოლო კონტრაქტი წარმოადგინეს, სადაც ხელმომწერი დაფარულია.

„არც გვარები, არც რიცხვი არ გვეშლება და არ გვერევა. მოდით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები ბოლომდე ვამხილოთ. შეიძლება, ბოლო კონტრაქტი წარმოადგინეს, სადაც ხელმომწერი დაფარულია და ვინ არის, ეს მართლაც უნდა იცოდეს მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

აპლიკაციის პირველ გვერდზე მითითებულია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს ბათუ ქუთელია, ანუ, ლობისტურ კომპანიასთან წარმომადგენელი ბათუ ქუთელია არის.

ბევრი მანიპულირება აღარ სჭირდება. ბოლოში ხელმომწერი არ გვითქვამს. შეიძლება, ხელს აწერდნენ მიხეილ სააკაშვილი, კობა ნაყოფია ან გიგა ბოკერია. ეს ვებგვერდზე დაფარულია, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა. მხოლოდ იმას ვამბობთ, რაც პორტალზეა გამოქვეყნებული. ერთმანეთს მოჰკითხონ, შეცდომა რატომ დაუშვეს და ტყუილით თავის „გაპრავებას“ თავი დაანებონ. 25 ოქტომბერი არის სავარაუდოდ კონტრაქტის წარდგენის თარიღი იუსტიციის დეპარტამენტში. შეიძლება ხელშეკრულება გააფორმეს, რაც უცნობია, რადგან დეპარტამენტი ამას არ აქვეყნებს ხოლმე. მათთან კონტაქტით სარგებლობს და საკონტაქტო პირი არის ბათუ ქუთელია. შეიძლება, ფულის გადამხდელი იყოს კობა ნაყოფია, მიხეილ სააკაშვილი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც დაფარულია. კონტრაქტის თანმდევ დოკუმენტში ფულის გადამხდელი და წარმომადგენელი პირი მითითებული არ არის. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

ამასთან, კომენტარი გააკეთა რომან გოცირიძემაც და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გვარები აერია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს ხელს აწერს კობა ნაყოფია.