ხატია დეკანოიძე - ჩვენს კონტრაქტში ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის, ეს არის აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა
ხატია დეკანოიძე - ჩვენს კონტრაქტში ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის, ეს არის აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ ტყუილში ადანაშაულებს.

ხატია დეკანოიძე ლობისტურ კომპანიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

„ეს არის გაკოტრებული ძალის ტყუილები. მე წარმოგიდგენთ ჩვენს კონტრაქტს, სადაც არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის, ეს არის აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა. აქვე წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების“ კონტრაქტს, სადაც იხარჯება ორი მილიონი, საქართველოს მოქალაქეების ფული. ამ კონტრაქტში არ წერია არც ნატო-სთან ინტეგრაციაზე, არც დეოკუპაციაზე. მხოლოდ და მხოლოდ არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების განხორციელება. რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ამხელა ლობისტური კომპანია, როდესაც ამხელა საელჩო ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და ამდენი ფული იხარჯება საელჩოს თანამშრომლებზე. ის ასევე ამბობს, რომ ივანიშვილმა 2012 წელს მანაფორტის ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელიც მოგვიანებით რუს ოლიგარქ დერიპასკასთან და მასთან დაახლოებულ პირ კილიმნიკთან ურთიერთობაში ამხილეს და ახლა აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით არის გასამართლებული“ ,- განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ტყუილების ნაცვლად ხელისუფლებამ იმაზე უნდა იფიქროს, როგორ შემოაბრუნოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“.

„ეს მდინარაძემ გააკეთა, რადგან გასაგებია, როგორ დახვდებიან თალაკვაძეს, ზალკალიანსა და შემდეგ გახარიას. არაფერი უშველის ივანიშვილს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მისი საქმე დამთავრებულია. ახლა მთავარია მოხდეს ის, რაც სურს საქართველოს ამომრჩეველს – ეს არის თავისუფალი პროპორციული არჩევნები”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.