მამუკა მდინარაძე - ბადრი ბასიშვილი პარლამენტში რომ შემოვა, მერე ვკითხავთ, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები
მამუკა მდინარაძე - ბადრი ბასიშვილი პარლამენტში რომ შემოვა, მერე ვკითხავთ, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, ბადრი ბასიშვილი პარლამენტში რომ შემოვა, მერე ვკითხავთ მას, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები და მერე ლურჯმა კამარამ რა ემოციები გამოიწვია მასში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა არის ფორმალური საკითხი.

„როდესაც საქმე ეხება, რომელიმე მოქალაქემ უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“, მან უნდა იცოდეს, რომ ის აძლევს ხმას ბადრი ბასიშვილს, ნიკა მელიას და ა.შ. ეს არის ამომრჩევლის პასუხისმგებლობა, რომლის რევიზია საქართველოს პარლამენტსა და მის წევრებს არ გვევალება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ბადრი ბასიშვილი რომ შემოვა პარლამენტი, მერე ვკითხავთ მას, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები და მერე ლურჯმა კამარამ რა ემოციები გამოიწვია მასში და ა.შ.“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.

დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.