მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება საჯარო რეესტრში აისახა
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება საჯარო რეესტრში აისახა

საჯარო რეესტრში უკვე აისახა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში აღნიშნულია, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არიან: ნიკოლოზ ენუქიძე – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ნიკოლას დომინიკ ჰააგი – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, მარია ლუიზა ჩიკონიანი – იტალია, ცირა კემულარია – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 5 აპრილს ცვლილებასთან დაკავშირებით ხარვეზი დაადგინა და სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ბანკს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა, თუმცა წარმოება ამავე დღეს დასრულდა.

ბანკის დამფუძნებელმა აქციონერებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და ბანკის აქციონერებს ვადა 13 აპრილამდე მისცა.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ერიკ რაჯენდრამ დატოვა.