საჯარო რეესტრის სააგენტომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და წესდების ცვლილება არ დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრის სააგენტომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და წესდების ცვლილება არ დაარეგისტრირა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და წესდების ცვლილება არ დაარეგისტრირა.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ დოკუმენტში მითითებულია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს რამდენიმე გარემოების გამო. დასახელებულია შემდეგი გარემოებები:

„სარეგისტრაციოდ წარდგენილი სს ,,თიბისი ბანკის“ აქციონერის გადაწყვეტილებით წესდების ერთ-ერთი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საერთო კრებას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში- ერთ-ერთი დირექტორი“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება“, – ნათქვამია დოკუმენტში და განმარტებულია, რომ შესაბამისად, წესდებაში განხორციელებული ცვლილების შინაარსი ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მეორე გარემოება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობას შეეხება.

საერგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, „დაკავშირებულ მხარეებს შორის დადებულ გარიგებებთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე 6 (ექვსი) წევრის თანხმობით ამტკიცებს ნებისმიერი დაკავშირებული მხარის გარიგების დადებას, გარდა შვილობილ კომპანიასთან გარიგებისა“. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კი, მოთხოვნილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში რჩება 4 წევრი. შესაბამისად, წესდების ზემოაღნიშნული დანაწესი შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი რეგისტრირებულ მონაცემებთან“, – განმარტავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი, 30 კალენდარული დღე განისაზღვრა.

„დაინტერესებული პირის მიერ ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, დამატებით წარმოსადგენია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და მომსახურებისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ნინო მარხულიას სარეგისტრაციო განცხადება სააქციო საზოგადოება ,,თიბისი ბანკის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, კერძოდ, მოთხოვნილი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და წესდების ცვლილება.

„თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს.  ბანკის დამფუძნებელმა აქციონერებმა საბჭოს დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს. „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და ბანკის აქციონერებს ვადა 13 აპრილამდე მისცა.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ერიკ რაჯენდრამ დატოვა.