მამუკა ხაზარაძე - წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და თემა დამთავრდეს
მამუკა ხაზარაძე - წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და თემა დამთავრდეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

წერილის შინაარსზე, ფორმასა და დროზე ხაზარაძეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ჰკითხა.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

„ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში რაღაცები გაირკვევა, პირდაპირ გეუბნებით. ამიტომ გპირდებით, ამას გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაც ორგანო შექმნილი, რომელსაც ამაზე რეაგირება და გამოძიების საშუალება ექნება. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ და გიმეორებთ, გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.