მამუკა ბახტაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
მამუკა ბახტაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ.

„დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, 3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს. დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. აფეთქების ადგილზე მაშველებმა შვიდსაათიანი სამუშაოების შემდეგ, ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამასთან დაშავებულია სამი პირი, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.