მამუკა ბახტაძე - ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს
მამუკა ბახტაძე - ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს

ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ილიაობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ტაძარში შეკრებულ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდაუდებელი შრომისთვის, შემოქმედებისთვის, მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას.

დღეს არის ორი დიდი წმინდანის, წმინდა ილია მართლის და ილია წინასწარმეტყველის მოხსენიების დღე. მსურს, ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები, თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ, ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია”, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართალს (ჭავჭავაძე). დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე. საზეიმო წირვა უწმინდესმა სამღვდელოებასთან ერთად სამებაში აღავლინა.

წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. მან პატრიარქს და შეკრებილ მრევლს ილიაობა მიულოცა.

დატოვე კომენტარი