მამაკაცი, რომელიც ფოთში ქურდობის მცდელობისას დაიღუპა, ჩასარიცხი აპარატის ქურდობის მცდელობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი
მამაკაცი, რომელიც ფოთში ქურდობის მცდელობისას დაიღუპა, ჩასარიცხი აპარატის ქურდობის მცდელობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფოთში ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას სამართალდამცველის ტყვიას ემსხვერპლა, ადრეც იყო ნასამართლევი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტმა გაარკვია, 20 წლის ნ.გ. ჩასარიცხი აპარატის ჯგუფურად ქურდობის მცდელობისთვის, 2018 წლის 26 მაისსაც დააკავეს. მას შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, თუმცა ერთ თვეში გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

ამასთან, ნ.გ-ს ადმინისტრაციული სახდელი ორჯერ დაედო, პირველად, 2016 წელს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე, ხოლო მიმდინარე წელს მარიხუანის მოხმარებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამასთან, სამართალდამცველი, რომელსაც თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.