ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას ერთი პირის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს 
ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას ერთი პირის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.

პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“,- აღნიშნულია შსს-ს გაცხადებაში.

უწყების ცნობით, ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის პირველი ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.