ფოთში დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ფოთში დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ფოთში, ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას პირის დაკავების დროს, თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, სტაბილურია.

პოლიციელი, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გარეგნული დათვალიერებით პაციენტს შუბლის არეში ჰემატომა აღენიშნება. მისი დიაგნოზია ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა“, – აცხადებს კლინიკის დირექტორი, თეა მიგინეიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.