იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა პაოლო მალდინიმ თავის მშობლიურ კლუბ „მილანში“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა მიიღო. მანამდე ლეგენდარული ფეხბურთელი სტრატეგიული განვითარების მიმართულების დირექტორი გახლდათ.
როგორც „მილანის“ ოფიციალური გვერდი წერს, 50 წლის მალდინის ახალ თანამდებობაზე მჭიდრო კავშირი ექნება ხორვატ ზვონიმირ ბობანთან, რომელსაც, პარალელურად, „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი ჩააბარეს.
პაოლო მალდინის საკლუბო კარიერა მხოლოდ „მილანს“ უკავშირდება. ამ გუნდში მან 1984-2009 წლებში ითამაშა, სულ 902 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შვიდჯერ – იტალიის ჩემპიონატი.