პირველად სპორტული კარიერის მანძილზე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლ კონორ მაკგრეგორს ზედიზედ ორი მარცხი აქვს განცდილი და იმ შემთხვევაში, თუ ირლანდიელი კვლავ მოინდომებს ოქტაგონზე გამოჩენას, ეს მას სავარაუდოდ მისი დიდი ხნის მწვრთნელის ჯონ კავანას გარეშე მოუწევს.
30 წლის მაკგრეგორმა კრივის საკუთარ სადებიუტო ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა. ბოლოს კი ოქტომბერში „UFC“-ის ეგიდით გამართულ ქამრისთვის ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვთან წააგო. „ინდეპენდენტთან“ ინტერვიუში კავანა ამბობს, რომ ის არ არის დარწმუნებული, სურს თუ არა კვლავ იყოს ირლანდიელის მწვრთნელი.
„30 წლის ასაკში, ორი შვილი და წარმატებული ვისკის კომპანია, რომელსაც დიდი ფინანსები მოაქვს, კონორის როგორც მებრძოლის მოტივაციას ადაბლებს. მე ვცდილობდი დამერწმუნებინა ის ედი ალვარესთან გამარჯვების შემდეგ, რომ დაენებებინა თავი აქტიური სპორტისთვის, თუმცა მან არ დამიჯერა. მე მიყვარს კონორი, მე მიყვარს მთელი მოგზაურობა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, თუმცა ახლა განსხვავებული დროა“, – აცხადებს კავანა.