ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ო’ნილმა პოსტი დატოვა.
50 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილება უკავშირდება საერთაშორისო მატჩების კალენდარში ცვლილებებს, კერძოდ, ევრო 2020-ის პლეი ოფის გაურკვეველი ვადით გადაწევას.
„ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მიმაჩნია, რომ დღეს ჩემი მხრიდან სამართლიანი იქნება გუნდის დატოვება. ძალიან მინდოდა, მეხელმძღვანელა გუნდისთვის ევრო 2020-ის პლეი ოფში ბოსნიის წინააღმდეგ და კიდევ ერთ დიდ ტურნირზე მოხვედრის საშუალება მქონოდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს შეუძლებელია. პატივი იყო ჩემი ქვეყნის ნაკრებში მუშაობა და ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გადატარებული დრო“, – განაცხადა ო’ნილმა.
ო’ნილმა შემოდგომაზე ჩაიბარა „სტოკ სიტი” და ევრო 2020-ის ბოლომდე უნდა შეეთავსებინა პოსტები, შემდეგ კი წასულიყო ნაკრებიდან, მაგრამ „ევროს“ ერთ წლით გადადებამ მწვრთნელის გეგმები არია.
მაიკლ ო’ნილი ჩრდილოირლანდიურ ნაკრებს 2011 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა და 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.