მაიკლ ჯორდანის 1992 წლის ოლიმპიური მაისური 3 მილიონად გაიყიდა #1TVSPORT
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა უნიკალური აუქციონი, რომელზეც გაიყიდა ლეგენდარული კალათბურთელის, კარლ მელოუნის კოლექცია – მასში შედიოდა 1992 წლის ოლიმპიადაზე მოთამაშე პირველი „დრიმ თიმის“ ყველა წევრის მაისური, აგრეთვე რამდენიმე სპორტული ფეხსაცმელი. საერთო ჯამში, კოლექციონერებმა ამ სპორტულ ლოტებში თითქმის 5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. რეკორდი კი დაამყარა მაიკლ ჯორდანის მაისურმა, რომლისთვისაც უცნობმა 3.03 მილიონი დოლარი გადაიხადა. სასტარტო ფასი იყო 420 ათასი დოლარი. ახლა ეს მაისური ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია სპორტის ისტორიაში.
საინტერესოა ისტორია, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მაისურები კარლ მელოუნთან. 1992 წლის ოლიმპიადაზე, ლიეტუვასთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მელოუნის ცოლმა მაისურები აშშ-ის ნაკრების გასახდელის იატაკიდან აკრიფა. მოგვიანებით კარლმა მაისურებზე მათ მფლობელებს ხელი მოაწერინა, თითოეული ჩარჩოში ჩასვა და იუტას შტატში, საკუთარი სახლის კედელზე ჩამოკიდა. იქ მაისურები 30 წელზე მეტ ხანს ინახებოდა, სანამ მელოუნმა მათი აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა.
აი, რა თანხები გადაიხადეს კოლექციონერებმა 1992 წლის „დრიმ თიმის“ წევრთა მაისურებში:
მაიკლ ჯორდანი – 3 030 000 დოლარი
ლარი ბერდი – 360 000
მეჯიქ ჯონსონი – 336 000
ჩარლზ ბარკლი – 230 400
დევიდ რობინსონი – 116 400
კლაიდ დრექსლერი – 91 200
სკოტი პიპენი – 80 400
კარლ მელოუნი – 58 800
ჯონ სტოქტონი – 55 200
პატრიკ იუინგი – 39 600
კრისტიან ლეიტნერი – 39 600
კრის მალინი – 37 200
დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიური ნივთია 1892 წელს პიერ დე კუბერტენის ხელით დაწერილი ოლიმპიური მანიფესტის ორიგინალი. 1992 წელს ის ნიუ იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე 8.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.