მაიას ხალხის ელიტის წევრთა კბილებს მათი საფლავიდან ძალიან შორს, გამოქვაბულში ინახავდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მაიას ცივილიზაციის ზოგიერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის კბილებს გამოქვაბულში ინახავდნენ, მისი სამარხიდან ძალიან შორს. შესაძლოა, ამას აკეთებდნენ წინაპრების თაყვანისცემის მიზნით ან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მიწისქვეშა სამყაროში მოხვედრილიყვნენ.
კლასიკურ პერიოდში (ახ. წ. 250-900 წწ), მაიას საზოგადოებები თანამედროვე სამხრეთ მექსიკის, გვატემალის, ბელიზისა და ჩრდილოეთ ჰონდურასის ტერიტორიებზე გაშენებულ ქალაქებში ცხოვრობდნენ. ისინი მრავალ სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ აერთიანებდათ ის პოლიტიკური და რელიგიური სისტემა, რომელშიც წარმომავლობა და რიტუალები ლეგიტიმაციას უწევდა ძალაუფლებას. შედეგად, მიცვალებულები მნიშვნელოვანი იყვნენ და ცოცხლები თავიანთ ახლობელთა ცხედრებს ახლომახლოს ინახავდნენ, სახლების იატაკქვეშ ან კედლებში.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ესთერ ბრიელმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ბელიზში არსებული კლასიკური პერიოდის მრავალი სასაფლაო; მათი მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად ენათესავებოდნენ ერთმანეთს იქ დამარხული ადამიანები. შეისწავლეს ასეულობით ნიმუშის გენომიკური მონაცემები და რადიონახშირბადული დათარიღებით დაადგინეს, როდის ცხოვრობდა თითოეული მათგანი.
ასე გაარკვიეს, რომ 341 ნიმუში დაკავშირებული იყო 107 სხვადასხვა ინდივიდთან და მათგან 24 ინდივიდის ჩონჩხის ელემენტები აღმოჩენილი იყო ორ ადგილას — პლაზას სამარხში, მაიას ძეგლის, სახელად მუკლებალ-ტზულის ერთ-ერთი სახლის ქვეშ; და ბაცუბის მღვიმეში, 26 კილომეტრის მოშორებით, მაიას მთების მეორე მხარეს.
ამ მღვიმეში აღმოჩნდა სულ მცირე 24 ადამიანის 226 კბილი, რომლებიც ზრდასრული ქალის ნეშტის სიახლოვეს ელაგა. ცხედარს თავი მოცლილი ჰქონდა და მის ადგილას იდგა ჭურჭელი, რომელშიც ნეფრიტის ერთი მძივი იდო. სავარაუდოდ მისივე თავის ქალის ფრაგმენტები და უკბილო ყბები მენჯის სიახლოვეს იდო, იქვე იყო კბილების სამალავი და ამობრუნებული თასი, რომელშიც კაკაოს ხუთი მარცვალი იდო. ახლოს იდგა ნარინჯისფერი თასც, რომელზეც გამოსახული იყო მითიური კოლიბრი-გველი.
გენომიკურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის იყო ელიტურ სამარხებში დაკრძალული ზოგიერთი ადამიანის წინაპარი; საფლავში ჩატანებული ნივთების კოლექცია მიუთითებდა, რომ ის დიდგვაროვანი იყო.
გერმანიის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევრის, მირკო დე ტომასის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მაღალი საზოგადოების სხვა წევრებმა თავი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის მათი წინამორბედი იყო, რათა დაედასტურებინათ საკუთარი სტატუსი.
„ისინი საკუთარ თავს ბიოლოგიურად ან იდეოლოგიურად უკავშირებდნენ წინაპარს, რათა მოეხდინათ საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაცია“, — ამბობს იგი.
გენომური მონაცემები მიუთითებს, რომ მღვიმეებში კბილები მიჰქონდა მუკლებალ-ტცულის მხოლოდ ზედა დონის საზოგადოებას.
„მღვიმეები წმინდა ადგილები იყო, რადგან ისინი მიწისქვეშა სამყაროს, სიბალბას შესასვლელებად მიიჩნეოდა“, — ამბობს ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევარი ანჯელინა ლოკერი.
მისი მტკიცებით, ალბათ მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებს ეძლეოდათ მიწისქვეშეთის ამ „პირში“ ყოფნის უფლება. მაიას ხალხის აზრით, ეს იყო ადგილი ზებუნებრივ ძალებთან კომუნიკაციისთვის, რომლებიც სამყაროს აცოცხლებდნენ.
ლოკერის განცხადებით, შესაძლოა, მაღალი საზოგადოების წევრებს კბილები გამოქვაბულში მიჰქონდათ წინაპრების თაყვანისცემისა და სიბალბაში მოხვედრის უზრუნველსაყოფად. მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაიას ხალხი სხეულს ოთხ კომპონენტად ყოფდა, რომელთაგან ერთს Ik’ ეწოდებოდა, მდებარეობდა პირში და წარმოადგენდა სულის სუნთქვის სიმბოლოს.
პოლონეთის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტის მკვლევრის, ასტა რანდის განცხადებით, კბილებს შეიძლება იმიტომ ირჩევდნენ, რომ ისინი დიდხანს ძლებდა, მაგრამ ამავე დროს, ისინი მაიას კულტურაში მნიშვნელოვანი იყო ხალხი მათ ხშირად ირთავდა ან მათში ძვირფას ქვებს ისვამდა.
ლოკერის თქმით, კბილები სიმბოლურად იყო დაკავშირებული სიმინდის მარცვლებთან და ხელახლა დაბადების იდეასთან.
„შესაძლოა, მაიას ხალხი კბილებს იღებდა და მათ სიბალბას შესასვლელში ათავსებდა, რათა მოგვიანებით მისი პატრონის რეინკარნაცია მომხდარიყო“, — ამბობს ლოკერი.
როგორც დე ტომასი აღნიშნავს, რაც არ უნდა ყოფილიყო ამ ჩვეულების მიზეზი, ადამიანებს ამ მღვიმემდე მისაღწევად მრავალი დღის განმავლობაში უნდა ევლოთ უხეშ რელიეფზე. ის ამას ადარებს მაიას ხალხის პილიგრიმობას ჩიჩენ-იცას წმინდა ადგილისკენ, სადაც ძვირფას ნივთებს ტოვებდნენ.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე bioRxiv.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.