მადრიდში კანადურ თვითმფრინავს მექანიკოსები ამოწმებენ, რათა მგზავრების გამოყვანა უსაფრთხოდ შეძლონ [ვიდეო]

მადრიდის აეროპორტში კანადური თვითმფრინავის მექანიკოსები საჰაერო ხომალდის მდგომარეობას ამოწმებენ, რათა მგზავრების გამოყვანა უსაფრთხოდ შეძლონ.

მადრიდის აეროპორტიდან აფრენის დროს „ეარ კანადას“ კუთვნილ თვითმფრინავს შასის ნაწილები მოძვრა, რომელიც ძრავში მოხვდა, ფრენის შეფერხება კი სწორედ ამ ფაქტმა გამოწვია.

ესპანური გამოცემა „პაისის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი მადრიდისა და მისი შემოგარენის თავზე ხუთი საათის განმავლობაში დაფრინავდა. თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად საწვავის მინიმუმამდე შემცირების შემდეგ დაეშვა.

ავარიული დაშვების მიუხედავად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ესპანური მედია წერს, რომ ხომალდის მეთაურის რეკომენდაციების შემდეგ, მგზავრები საბურავის გარეშე და ძრავის პრობლემით დაჯდომისთვის მომზადებულნი იყვნენ.

„ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ამ თვითმფრინავს უკანა დასაფრენ საყრდენზე რვა ბორბალი აქვს და ჩვენ მხოლოდ ერთი დავკარგეთ. ასე რომ, არ იქნება პრობლემა დაშვება. დიდი მადლობა მოთმინებისთვის“, – თქვა ხომალდის მეთაურმა.

თვითმფრინავი 2 300 მეტრის სიმაღლეზე, საათში 550 კილომეტრი სიჩქარით დაფრინავდა. საჰაერო ხომალდი რამდენჯერმე 800 მეტრის სიმაღლეზე დაეშვა. თვითმფრინავის ზიანის შეფასების მიზნით, სამხედრო ბაზიდან „ეფ-18“-ის ტიპის ავიაგამანდგურებელი გაუშვეს.