ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს #1TVSPORT
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს #1TVSPORT

ლუქსემბურგის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, პოლ ფილიპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლუკ ჰოლცთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ ის მოლაპარაკების დაწყებას არ ჩქარობს.

ჰოლცმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციისას თქვა, რომ სხვა შეთავაზებაც მიიღო.

„პრეზიდენტს ახალი კონტრაქტის მოსამზადებლად დიდი დრო დასჭირდა. ახლა ლუქსემბურგმა შესარჩევი ციკლი 17 ქულით დაასრულა და მეც პირობების გასაუმჯობესებლად რაღაც არგუმენტები მაქვს. ამას გარდა, ინტერესია რამდენიმე კლუბიდან“, – ამბობს ჰოლცი.

ლუქსემბურგის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი მწვრთნელის კომენტარს გამოეხმაურა:

„ჩვენ ლუკ ჰოლცთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს და ის პირველი კანდიდატია, თუმცა ახალი ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკება გვიანდება. ახლა ვითარებას ის აკონტროლებს“.

ლუკ ჰოლცი 1991-2002 წლებში ლუქსემბურგის ნაკრების ნახევარმცველი იყო, ეროვნულ გუნდში 55 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა. კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და 2008 წელს ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, სადაც ორი წელი მუშაობდა. ეროვნულ გუნდში ის 2010 წლიდან მუშაობს.

ევრო 2024 შესარჩევი ციკლში ლუქსემბურგმა 10 თამაშში 17 ქულა მოაგროვა და ბოლო ტურამდე ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჰქონდა. 21 მარტს ლუქსემბურგი თბილისში საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი ოფში დაუპირისპირდება.