ევრო 2024 | ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან ვერც ვინსენტ ტილი დაეხმარება #1TVSPORT
ევრო 2024 | ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან ვერც ვინსენტ ტილი დაეხმარება #1TVSPORT

ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან 21 მარტს დანიშნულ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე, ნახევარმცველი ვინსენტ ტილი დააკლდება, – ინფორმაციას Football in Luxembourg-ი ავრცელებს.

„ვინსენტ ტილი საქართველოს ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს თამაშს ევრო 2024-ის პლეი ოფში გამოტოვებს, მან ოპერაცია გაიკეთა. არც სინანი, არც მოტა, არც ვინსენტი“, – წერს Football in Luxembourg-ი.

ვინსენტ ტილი ფეხბურთელების ოჯახიდანაა, მისი მშობლები ლუქსემბურგის მამაკაცთა და ქალთა ნაკრების ყოფილი წევრები არიან, ისევე როგორც მისი ძმები, ოლივიე და სებასტიანი.

ტილს ლუქსემბურგის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ თვლიდნენ და 16 წლის ასაკში მისი შეძენით ევროპული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. პირველი კონტრაქტი „მეცთან“ 2016 წლის 26 მაისს გააფორმა და სადებიუტო თამაში 16 წლისა და 231 დღის ასაკში ჩაატარა. ტილი ამით გახდა 2000 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ითამაშა.

2016 წლის მარტში 16 წლის ტილი ლუქსემბურგის ნაკრებში გამოიძახეს, ხოლო მაისში მან ნიგერიის ნაკრებს გოლი გაუტანა, რითიც ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ფეხბურთელი გახდა.

რამდენიმე გუნდის გამოცვლის შემდეგ, ვინსენტ ტილი 2023 წელს „საბაჰში“ გადავიდა.