პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში გატარებული 15 სეზონის შემდეგ, ლუოლ დენგის სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდება.
„ყველა ვარსკვლავის გუნდის“ ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ კარიერას იმ გუნდში დაასრულებს, სადაც ყველაზე მეტი ისწავლა.
„ჩიკაგო ბულსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ ლუოლ დენგთან კონტრაქტი გააფორმეს, რომ ეს უკანასკნელი აქტიური სპორტიდან სწორედ ჩიკაგოდან წავიდეს.
დენგმა „ბულსში“ 10 წელი გაატარა. კალათბურთელის ყველაზე წარმატებული წლები ჩიკაგოს შემადგენლობაში იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც „ბულსი“ ლებრონ ჯეიმსის „მაიამისთვის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.