ლუის ენრიკე „მარსელთან“ გამარჯვების შესახებ – კარგად გვესმოდა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს დაპირისპირება ჩვენი ქომაგებისთვის #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის 2026/2027 წლის სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა პრინციპული მეტოქე „მარსელი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.
„უჩვეულო არაფერი მომხდარა. შეხვედრა ზუსტად ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართა – მრავლად იყო დაბრკოლებებიც, რაც სტუმრად თამაშს მუდმივად თან ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი „ველოდრომზე“ ასპარეზობას მარტივად მიიჩნევს, სინამდვილეში ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. მაქსიმალურად ვეცადეთ, მოედანზე ჩვენი საფეხბურთო სტილი გვეჩვენებინა.
საწყის 45 წუთში ბევრი სახიფათო ეპიზოდი არ შეგვიქმნია, ვინაიდან მოწინააღმდეგე შესანიშნავად გამოიყურებოდა. თუმცა, შესვენების შემდეგ ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რამაც მეორე ტაიმში ბრწყინვალე შედეგი მოგვიტანა.
ვინაიდან ჩემპიონატში ჩვენთვის უჩვეულო პოზიციას ვიკავებთ, მოედნის გარედან ფეხბურთელების მხარდაჭერა და გამხნევება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უმთავრეს მიზანს მაინც „ლე კლასიკიში“ გამარჯვება წარმოადგენდა. კარგად გვესმოდა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს დაპირისპირება ჩვენი ქომაგებისთვის.
მწვრთნელის ამპლუაში მუდმივად ვცდილობ, გუნდს ზუსტად ის მივცე, რაც კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება. მოთამაშეებისთვის ენერგიის გადაცემა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, აი, ემოციების მოთოკვა და სიმშვიდის დემონსტრირება კი შედარებით მიჭირს ხოლმე.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ დღეს მოედანზე დიდი შრომა გავწიეთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ – წინასწარი ვარაუდების მიუხედავად, იოლი თამაში არ ყოფილა. ჩვენ დავინახეთ ძალიან ძლიერი „მარსელი“ და მათი დაცვითი თამაშიდან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში კიდევ უფრო სახიფათოები გახდებიან“, – ამბობს ენრიკე.
ჩემპიონატში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ანგარიშზე რვა ქულაა და ამ შედეგით გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.