ფრანგული გამოცემა – ერთმა გოლმა დავითაშვილს, შესაძლოა, საუკეთესო ფორმა და თავდაჯერება სწრაფად დაუბრუნოს #1TVSPORT

13:07, 06.11.2026

არის თუ არა „სენტ-ეტიენში“ რაიმე პრობლემა ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით? – ამ საკითხზე ინტერნეტგამოცემა Peuple vert-მა წერილი გამოაქვეყნა.

„საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენი“ „გენგამთან“ 0:3 დამარცხდა. ეს მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის მქონე გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს შთაგონება აკლდათ, მაგრამ როგორ შეიძლება აიხსნას ქართველი ფეხბურთელის რთული სტარტი სეზონში?

მართალია, ეს მძიმე მარცხია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, მომხდარიდან საჭირო დასკვნების გამოტანა. სწორედ ამაზე ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა, იან კატრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს წაგება გაკვეთილია როგორც სამწვრთნელო შტაბისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის.

„გენგამთან“ ვერც ზურიკო დავითაშვილი იყო ჩვეულ ფორმაში. გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი 24 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. ეირიკ ჰორნელანდის სისტემაში ის საკვანძო მოთამაშედ მიიჩნეოდა, „სენტ-ეტიენის“ წარმატება მის ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, რამაც შედეგად 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოიტანა.

მთავარ მწვრთნელად იან კატროს მოსვლასის შემდეგ ვითარება შეიცვალა — „სენტ-ეტიენი“ ახლა სხვაგვარად თამაშობს. ახალი მწვრთნელი 4-2-2-2 სქემას იყენებს, რაც უფრო მეტ კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. „სენტ-ეტიენის“ თამაში ​ინდივიდუალისტებზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

მიუხედავად უცხოური კლუბების ინტერესისა, დავითაშვილი კლუბში დარჩა, მწვრთნელი მას ენდობა, თუმცა ყოველთვის სასტარტო შემადგენლობის წევრი არ არის: ახალ სეზონში ათი მატჩიდან ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, მათ შორის — ბოლო ორ შეხვედრაში.

ჯერჯერობით დავითაშვილის სტატისტიკური მაჩვენებლებიც არ არის შთამბეჭდავი. მხოლოდ ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით, ჩვეულ სტანდარტებზე გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს. მე-6 ტურის შემდეგ მას გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი წვლილი აღარ შეუტანია.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების წევრმა კარის მიმართულებით მხოლოდ ათჯერ დაარტყა, რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის ცოტაა. გარდა ამისა, Data Scout-ის მონაცემებით, დავითაშვილი არც თუ ისე აქტიურია ე.წ. „გამამწვავებელი გადაცემების“ მხრივაც.

თუმცა დასკვნების გამოტანისას სიფრთხილეა საჭირო. მართალია, ამჟამად მისი ინდივიდუალური სტატისტიკა საუკეთესო არ არის, მაგრამ მთლიანად გუნდმა 23 გოლი გაიტანა და ლიგა 2-ში ყველაზე შედეგიანია. მოედანზე დავითაშვილის ყოფნა კი სულაც არ არის უმნიშვნელო, რადგან ხშირად თანაგუნდელებისთვის თავისუფალ სივრცეებს ქმნის.​

7 ნოემბერს „სენტ-ეტიენი“ „ლავალს“ ეთამაშება. დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელი თავის გარემარბზე გააკეთებს აქცენტს – მან ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებულად შეაქო: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავითაშვილი ჩვენთანაა, მადლიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს, მას მრავალი ღირსება გააჩნია და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

ზურიკო დავითაშვილის ნიჭი კვლავაც აშკარაა, ერთმა გატანილმა გოლმა ან საგოლე მოქმედებამ, შესაძლოა, სწრაფად დაუბრუნოს მას საუკეთესო ფორმა და თავდაჯერებულობა. იმედია, ეს სწორედ „ლავალთან“ მატჩში მოხდება“.

მსგავსი