ლევან კორღალიძე – „ხეტაფესთან“ კიდევ უფრო უკეთესები რომ ვიყოთ, გულშემატკივრების თანადგომა დაგვჭირდება #1TVSPORT

11:22, 06.11.2026

კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე „კოპენჰაგენთან“ გასვლით შეხვედრაში მარცხის შემდეგ (1:2), „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ და დანიელთა კარში გოლის ავტორმა, ამირან ძაგანიამ კომენტარი გააკეთეს.

„მსაჯზე კომენტარს საერთოდ არ ვაკეთებ, მაგრამ ახლა ისეთი იმედგაცრუებულები ვართ, უნდა ვთქვა, სხვაგვარად არ შემიძლია. ძნელია, როცა ამდენს იშრომებ, იწვალებ, ასეთი მჭიდრო გრაფიკით ითამაშებ და ერთი არასწორი გადაწყვეტილებით ეს ყველაფერი წყალში რომ იყრება.

არჩათვლილ გოლს ვგულისხმობ. მომენტი ყველამ ვნახეთ და ჩემი სუბიექტური აზრით, გოლი ჩასათვლელი იყო. რას ვიზამთ, ასე გადაწყდა. არავის არაფერს ვაბრალებ, როცა რაღაც ისე არ ხდება, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, ფეხბურთელებს მადლობა ბრძოლისთვის.

შემდეგ თამაშში, დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ. მინდა, დიდი თხოვნით მივმართო გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ”, – თქვა კორღალიძემ.

ამირან ძაგანია – „ველოდებით ქართველ გულშემატკივარს „ხეტაფესთან“ მატჩზე, ძალიან გაგვიხარდება, თუ სტადიონი გაივსება, ჩვენც უფრო მოტივირებულები ვიქნებით”.

კონფერენსლიგის მეოთხე ტურის მატჩს „იბერია“ თბილისში გამართავს – საქართველოს ჩემპიონი 26 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

მსგავსი