„ლოკომოტივმა“ „რუსთავი“ დაამარცხა და შეკრება მოგებით დაასრულა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლო ამხანაგური მატჩი „რუსთავთან“ გამართა, დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა და ამით ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილებმა წინასასეზონო შეკრება დაასრულეს.
საგურამოს „ლოკო-არენაზე“ გამართულ ამხანაგურ მატჩში „ლოკომოტივიდან“ გოლები გივი მუკბანიანმა, გაბრიელ ხუციშვილმა და გიორგი იაკობიძემ გაიტანეს, ხოლო „რუსთავიდან“ ერთადერთი გოლი გურამ ლუკავას ანგარიშზეა და თბილისურმა კლუბმა 3:1 გაიმარჯვა.
„ლოკომოტივში“ განვითარებული მოვლენების და ლიდერების წასვლის შემდეგ, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა გუნდი გვიან შეკრიბა. ამის მიუხედავად, „ლოკომოტივი“ საკონტროლო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა და ერთი მატჩი არ წაუგია.
„რუსთავამდე“ თბილისელებმა ამხანაგურ მატჩში საგარეჯოს „გარეჯი“ (2:1) და ბოლნისის „სიონი“ (2:0) დაამარცხეს, „ვიტ ჯორჯიასთან“ (1:1), „თბილისი სითისთან“ (3:3) და „გაგრასთან“ (1:1) კი ფრედ ითამაშეს.
„ლოკომოტივი“ წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას შაბათს, 26 თებერვალს გამართავს – ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისელები „მიხეილ მესხი 2“-ზე „თელავს“ უმასპინძლებენ.