„ლოკომოტივი“ მეკარეს უცხოეთშიც ეძებს - ჭიაბრიშვილს შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ სურს #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის პირველი ეტაპი დაასრულა და 7 აგვისტომდე თამაშს არ ჩაატარებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ გუნდი მეკარის დამატებას უცხოეთიდან აპირებს.
„მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში, „ვალენსიაში“ წავიდა და მთავარი მეკარე რეზო თევდორაძეა. მაგრამ ჩვენ სამეულისთვის და ევროსაგზურისთვის ვიბრძვით და მინიმუმ 2 სრულფასოვანი მეკარე გვჭირდება. ამიტომ მეორე მეკარის დამატება გვსურს და ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. რამდენიმე კანდიდატი გვყავს. ალბათ, მეკარეს უცხოეთიდან ჩამოვიყვანთ. მაგრამ ვის, ამას რამდენიმე დღეში შეიტყობთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია ჭიაბრიშვილი.
მისი თქმით, „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დიდი პლუსი შედარებით სტაბილური შემადგენლობაა. წელს თავიდანვე ვთქვით, რომ ევროსაგზურის მოსაპოვებლად ვიბრძოლებდით. ვცდილობთ, სტაბილური გუნდი ვიყოთ, 10 კაცის მოსვლას აზრი არ აქვს, რადგან საბოლოოდ, მოედანზე გადის გუნდი, რომელიც შეთამაშებული უნდა იყოს. ჯერ ჩვენ საკუთარი მაქსიმუმის ძიებაში ვართ“.
მისი თქმით, „დინამო-არენადან“ საგურამოს „ლოკო-არენაზე“ გადასვლა გუნდს წაადგა.
„საგურამოში „ლოკომოტივის“ ბაზაა და უფრო კომფორტულად ვართ. „დინამო-არენა“ და „მიხეილ მესხი“ ჩვენი სტადიონი არაა, „ლოკო-არენა“ კი ჩვენია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა სახლში ხარ, უფრო თავისუფლად თამაშობ და სხვათა შორის, იქაურ გარემოში თამაში მეტოქეებსაც სიამოვნებს“.