ლიეტუვაში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება
ლიეტუვაში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

ლიეტუვაში 12 მაისს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. საინფორმაციო პორტალ „დელფის“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის სეიმმა მიიღო.

რეფერენდუმის დანიშვნას 12 მაისს პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი, სამმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

რეფერენდუმზე ლიეტუვის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ეთანხმებიან თუ არა ორმაგი მოქალაქეობის დაშვებას იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც „ევროატლანტიკური ინტეგრაციის კრიტერიუმებს“ შეესაბამებიან.

შესაბამისი ქვეყნების ჩამონათვალს კანონი დაადგენს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია იმ ემიგრანტებისთვის, რომლებმაც ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დატოვეს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.

ლიეტუვაში 12 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამავე დღეს გაიმართება რეფერენდუმი სეიმის წევრთა რაოდენობის შემცირების შესახებ. დაგეგმილია პარლამენტის წევრების რაოდენობის 141-დან 121-მდე შემცირება.