ლევან ვეფხვაძე - მხარეებმა განცხადებები ფრთხილად უნდა გააკეთონ, რათა არ მივაყენოთ ზიანი „თიბისი ბანკს“, შესაბამისად, საბანკო სისტემასა და ქართულ ეკონომიკას
ლევან ვეფხვაძე - მხარეებმა განცხადებები ფრთხილად უნდა გააკეთონ, რათა არ მივაყენოთ ზიანი „თიბისი ბანკს“, შესაბამისად, საბანკო სისტემასა და ქართულ ეკონომიკას

მხარეებმა განცხადებები ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთონ, რათა არ მივაყენოთ რამე ტიპის ზიანი „თიბისი ბანკს“, შესაბამისად, საბანკო სისტემას და ქართულ ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა „თიბისი ბანკის“დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე კომენტირებისას.

ამასთან, ლევან ვეფხვაძე იზიარებს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებას, რომ აღნიშნული საკითხი უნდა იყოს პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი.

„სამ პუნქტად ჩამოვაყალიბებ. პირველი – აბსოლუტურად ვიზიარებ ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებას, რომ პროცესი უნდა იყოს პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი და ამ შემთხვევაში, არ შეიძლება პოლიტიკის ამ საკითხთან არევა; მეორე – საქმე ის არის, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებიც ისმის, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ჩვენი სურვილია, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი; მესამე – იმის გამო, რომ პროცესში ჩანს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, ეს არის „თიბისი“, რომელიც არის სისტემური ბანკი და რომლის ჯანსაღი განვითარება აუცილებელია პირობაა ჩვენი ეკონომიკის განვითარების, მიგვაჩნია, რომ მხარეებმა განცხადებები ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთონ, რათა არ მივაყენოთ რამე ტიპის ზიანი ამ ბანკს, შესაბამისად საბანკო სისტემას და შესაბამისად, ქართულ ეკონომიკას.

„თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ასოციაციის წევრი და ძალიან აქტიურად ვუჭერთ მას მხარს”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ  გადასცეს.