ლევან მჭედლიძე - თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ფეხბურთთან გამომშვიდობება მიწევს #1TVSPORT
ლევან მჭედლიძე - თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ფეხბურთთან გამომშვიდობება მიწევს #1TVSPORT

ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 33 წლის ფეხბურთელი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და განცხადება კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ ახლა გაავრცელა.

„თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება ფიზიკური პრობლემების გამო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე. გამორჩეულად მადლობას ვუხდი „ემპოლის“, კლუბს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში. ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი მატჩი გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის“, – წერს ლევან მჭედლიძე.

ლევან მჭედლიძემ საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი (2008–2019) გაატარა „ემპოლის“ რიგებში, სადაც 156 მატჩში 20 გოლი გაიტანა. იტალიაში ასევე ითამაშა „პალერმოში“ (2008–2010).

2019 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და „დინამო თბილისში“, ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ ფორმის აღდგენა სცადა, მაგრამ ტრავმებმა ამის საშუალება არ მისცა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი 17 წლის ასაკში ენდო და სადებიუტო თამაში 2007 წელს ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიასთან ჩაატარა, რომელიც მაშინ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. მომდევნო მატჩში მჭედლიძემ გაიტანა პირველი გოლი შოტლანდიასთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში. 2007–2019 წლებში ნაკრების მაისურით 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.