მჭედლიძემ „ტორპედოს“ ბოლო წამებზე მოაგებინა #1TVSPORT
მჭედლიძემ „ტორპედოს“ ბოლო წამებზე მოაგებინა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოახერხა – 3:2.

რეალურად, ამ შეხვედრაში ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ. „სამგურალი“ სამეულშია, „ტორპედომ“ კი ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის შემდეგ წყალტუბოელებთან ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა და სეზონის დასრულებამდე 13 ტურით ადრე შანსებს ინარჩუნებს.

ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში წყალტუბოელებმა გახსნეს. მე-12 წუთზე ილია ახვლედიანის შორეული გადაცემის შემდეგ ქუთაისელთა მეკარე წინ გამოვიდა, ირაკლი რუხაძემ დაასწრო და მახვილი კუთხიდან ამსპინძელთა კარი აიღო.

ამ ეპიზოდში რუხაძემ სტეფ კარის ცნობილი ჟესტი გაიმეორა, რომელიც „ნაპოლიში“ პირველი გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოსახა – „მშვიდად იძინეთ“. თუმცა, ქუთაისელებმა „სამგურალს“ მშვიდი „ძილის“ საშუალება არ მისცეს და 45+1-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის გადაცემის შემდეგ გია მანჯგალაძემ სტუმართა კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და სტუმრთა კართან რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ „სამგურალმა“ გოლის გატანა და მეორედ დაწინაურება მოახერხა. თავი 75-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა გამოიჩინა. თუმცა, ქუთაისელებმა სასწაული შეძლეს და ბოლო 3 წუთში გატანილი გოლებით გაიმარჯვეს. 90-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა წოანსწორობა აღადგინა, ხოლო 90+1-ე წუთზე ლევან მჭედლიძემ „ტორპედოს“ნანატრი 3 ქულა მოუტანა – 3:2.

საბოლოოდ, მატჩი დასრულდა და 24 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ (34) მესამეადგილოსან „სამგურალთან“ (39) და გორის „დილასთან“ (37) ჩამორჩენა შეამცირა და დაამტკიცა, რომ ევროსაგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა გამძაფრდა.