ლევან მჭედლიძე - კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ იტალიის ჩემპიონატში თავისუფლად შეუძლია თამაში #1TVSPORT
ლევან მჭედლიძე - კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ იტალიის ჩემპიონატში თავისუფლად შეუძლია თამაში #1TVSPORT

ლევან მჭედლიძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე, სადაც „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (2;5) შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

„არა მხოლოდ კვარას, არამედ, სრულიად საქართველოს მივულოცავ მის წარმატებულ დებიუტს, რადგან მისი თამაში ყველას სიხარული და ბედნიერება იყო. ასეთ ჩემპიონატში, ასეთ გუნდში და ასეთი მაისურით მსგავსი თამაში და დებიუტი იშვიათია და ყველასთვის გასახარი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი იყო ბოლო ქართველი, რომელმაც სერია „ა“-ში ითამაშა და გოლი გაიტანა – 5 წლის და 4 თვის წინ, 2017 წლის 23 აპრილს „სან-სიროს“ სტადიონზე ლევანმა მჭედლიძემ მე-40 წუთზე „მილანს“ გაუტანა.

მისი თქმით, სერია „ა“ ურთულესი ტურნირია, სადაც კვარაცხელიამ აჩვენა, რომ თამაში შეუძლია: 

„ეს რთული სათამაშო ჩემპიონატია. ვნახე, როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას დებიუტს. რამდენიმე ფეხბურთელს პირადად ვიცნობ, ვინც კვარასთან თამაშობს. ისინი ბედნიერები არიან, ასეთი ტალანტი და პროფესიონალი რომ დაიმატეს“.

მჭედლიძის აზრით, ხვიჩას გაცილებით უკეთესი თამაში შეუძლია: 

„ვუსურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო მეტი წარმატება წინ ელის. ხვიჩა ამის ღირსია – არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, პიროვნებაც შესანიშნავია. ხვიჩამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ამ ჩემპიონატში თავისუფლად თამაში და დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო გაიხსნება “.

დატოვე კომენტარი