კაშია, კანკავა, მჭედლიძე, ყაზაიშვილი და საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელები სამწვრთნელო საქმეს სწავლობენ #1TVSPORT
კაშია, კანკავა, მჭედლიძე, ყაზაიშვილი და საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელები სამწვრთნელო საქმეს სწავლობენ #1TVSPORT

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის დაწყებაზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება და რომლის მონაწილეც თავად საქართველოს ნაკრების კაპიტანია.

„ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ პირველ დღეს. რა თქმა უნდა, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან იქნება პრაქტიკული ნაწილი, სადაც ვარჯიშებს ჩავატარებთ, რაც ჩვენთვის უჩვეულოა. მონდომებულები ვართ და გვინდა, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს კურსი.

საინტერესო გამოწვევაა, რადგან ეს ჩვენი საყვარელი სფეროა. გვინდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება გავუზიაროთ და ეტაპობრივად გადავიდეთ Pro კატეგორიის ლიცენზიის სწავლებაზე“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

უეფა-ს საგანმანათლებლო კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შექმნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ: მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში; საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში; შეუსრულდა ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი.

B+A ლიცენზიის კურსში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები: გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, ჯაბა კანკავა, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, გოგიტა გოგუა, სანდრო კობახიძე, ხოლო კვიპროსიდან გიორგი ლორია ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.

აღნიშნული კურსისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ. კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებს გამოცდილებას უეფა-ს ექსპერტები და Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული უზიარებენ.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში წერია, რომ სამწვრთნელო განათლების ეს მიმართულება პრიორიტეტულია ფეხბურთის ფედერაციისთვის, რადგან სამწვრთნელო საქმიანობაში მოთამაშეების ჩართვა, რომლებსაც ეროვნული ნაკრებისთვის ბევრი გაუკეთებიათ და ფეხბურთი კარგად ესმით, ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეზე სასიკეთოდ აისახება.