ლევან მაისაშვილი - ჩვენი უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონობაა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 30 იანვრიდან 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადება დაიწყო
„ბორჯღალოსნები“ 5 თებერვალს, 13 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებენ. სანაკრებო შემადგენლობასა და ნაკრების მომავალ მატჩებზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:
მიზანი
„ტრადიციულად, უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე სულ 8 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი – 5 რაგბი ევროპაზე და სამი „გასახურებელი“ მატჩი აგვისტოში. სასურველია, რომ უფრო მაღალი დონის შეხვედრები გვქონოდა, მაგრამ თებერვალ-მარტში ეს მოცემულობა გვაქვს და ვერაფერს შევცვლით. ექსპერიმენტებისთვის დრო ძალიან ცოტა გვრჩება და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ასევე გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებიც გვინდა, მსოფლიო თასამდე საქმეში ვნახოთ.
დებიუტანტები
„რაც შეეხება დებიუტანტებსა და ახალბედა მოთამაშეებს. სერგო აბრამიშვილი და ოთარ ლაშხი ნოემბრის შეკრებაზეც გვყავდა, ორივეს დიდი ხანია ვაკვირდებით, ვიცით მათი შესაძლებლობები და ვეცდებით, ახლა თამაშის შანსი მივცეთ. ახალგაზრდა კვაჭ თენგიზ ზამთარაძეს მთელი სანაკრებო ვერტიკალი აქვს გავლილი, 20-წლამდელების ჩათვლით, ახლა ის „შავ ლომშია“. მისი საქმეში ხილვა აქამდეც გვსურდა, მაგრამ ტრავმამ შეგვიშალა ხელი“.
კაპიტანი
„დისკვალიფიკაციის გამო მერაბ შარიქაძე საწყის თამაშებს გამოტოვებს. ის გუნდის კაპიტანია, შეკრებაზე მისი ყოფნა მნიშვნელოვანია. ბუკა ჩვენთან ერთად ივარჯიშებს, ფიზიკურ კონდიციებს შეინარჩუნებს და ესპანეთთან დაგვიბრუნდება. შარიქაძის არყოფნაში ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი, მას შედეგ გადაწყდება, რაც სათამაშო შემადგენლობას დავასახელებთ.
გაფართოებულ შემადგენლობაშია, თუმცა გერმანიასთან მატჩს გამოტოვებს ბექა გორგაძეც, ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება“.
მალაღურაძის მე-100 კეპი
„ლაშა მალაღურაძე თამაშის შემთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს. მას მე-100 თამაში 2020 წელს რუსეთის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მაშინ ის მატჩი გადაიდო, მერე პანდემიის გამო თამაშები საერთოდ გაუქმდა. ყოველთვის მინდოდა, რომ ლაშასთვის ამ ნიშნულის მიღწევის შესაძლებლობა მიმეცა და ახლა ამ შეკრებაზე დავაკვირდებით“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა“ 2000 წლიდან დღემდე რაგბი ევროპის ჩემპიონატი და მისი წინამორბედი ერთა თასი 14-ჯერ მოიგეს (მათგან ბოლო 12 გათამაშებიდან 11-ჯერ). 2018 წლიდან საქართველო რაგბი ევროპის უცვლელი ჩემპიონია და თუ ტიტული წელსაც დაიცვა, საკუთარ რეკორდს გაიმეორებს – ზედიზედ 6 გამარჯვება (2011-16 წლებში).