ლევან კობიაშვილი - გურამ კაშიამ თქვა, ერთი მხარდამჭერი მაინც თუ ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ნაკრებში, სწორედ ის ერთი ადამიანი ვარ
ლევან კობიაშვილი - გურამ კაშიამ თქვა, ერთი მხარდამჭერი მაინც თუ ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ნაკრებში, სწორედ ის ერთი ადამიანი ვარ

გურამ კაშიას ჰქონდა სწორი პასუხი მათ მიმართ, როცა თქვა, რომ თუკი თუნდაც ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში და სწორედ ის ერთი ადამიანი მე ვარ,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მონაკოში განაცხადა, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე გურამ კაშიას Equal Game-ის ჯილდო გადასცეს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა უეფა-ს პრეზიდენტს, ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა გურამის მიმართ, ეს იყო რთული პერიოდი მისთვის. ზოგიერთმა საქართველოში გამოთქვა მოსაზრება, რომ მას არ უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ გურამს ჰქონდა სწორი პასუხი მათ მიმართ, როცა თქვა, რომ თუკი თუნდაც ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში და სწორედ ის ერთი ადამიანი მე ვარ და საერთოდაც, საქართველოში მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მინდა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

გურამ კაშიას ჯილდო Equal Game-ი მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფა-ს პრეზიდენტისგან მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, დღეს „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოსთვის უეფა-ს მადლობა უხდის.