ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენების ერთიანი პლატფორმა ბიზნესს უცხო ქვეყანაში ადგილობრივი ბარიერების მოხსნაში დაეხმარება
ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენების ერთიანი პლატფორმა ბიზნესს უცხო ქვეყანაში ადგილობრივი ბარიერების მოხსნაში დაეხმარება

ბიზნესომბუდსმენების ერთიანი პლატფორმა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბიზნესს სხვა ქვეყანაში საქმიანობის დროს ადგილობრივი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაში დაეხმარება, – ამის შესახებ ბიზნეომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში საერთაშორისო ბიზნესომბუდსმენების კონფერენციის მნიშვნელობა განიხილეს, რომელიც საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით თბილისში ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს ექვსი ქვეყნის – პოლონეთის, ალბანეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები ეწვივნენ.

ლევან კალანდაძის ინფორმაციით, ბიზნემომბუდსმენებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის ერთიანი პლატფორმის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც პლატფორმის წევრი ქვეყნების ბიზნესმენებს უცხო ქვეყანაში ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას გაუმარტივებს.

„ძალიან საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა. პირველად მოხდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესომბუდსმენები საქართველოში ჩამოვიდნენ. კერძოდ, პოლონეთის, ალბანეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები. ეს არის გარკვეული მცდელობა, რომ ერთი მხრივ, სხვადსხვა ქვეყნის ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტებმა ერთმანეთში გამოცდილების გაზიარება მოახდინონ იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რასაც ერთის მხრივ ამ ქვეყნებში განსხვავებული ეკონომიკური მოწყობის მოდელები განაპირობებს და მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ თავად ინსტიტუტები სხვადსხვა ფუნქციის მატარებელნი არიან. გარდა ამისა, იყო და არის მცდელობა, რომ შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა, იმის თაობაზე, რომ მაგალითად ქართველი მეწარმე, რომელიც სხვა ქვეყნებში საქმიანობს, იქნება ეს პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი თუ სხვა, მას იქაური ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა და პრობლემების მოგვარება სწორედ იმ ქვეყნებში არსებული ბიზნესომბსუდმენების საშუალებით გაუადვილდეს. ძალიან ხშირად ხდება, რომ როცა ქართველ ბიზნესმენს უცხოეთში გარკვეული პრობლემა ექმნება, არ იცის, სად წავიდეს და ვის მიმართოს.

არის შემთხვევები, რომ კონსულს ან საელჩოს მიმართავს. რიგ შემთხვევებში, ეს კომუნიკაცია მართლაც ეფექტურია, თუმცა ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ასეთი მიმართვა კონკრეტულ შედეგს ვერ იღებს. ამ ქვეყნებში ბიზნესომბუდსმენების აპარატები სწორედაც რომ ბიზნესის სახელმწიფოსთან არსებული პრობლემების მოგვარებაზე არიან ორიენტირებული. იმის გამო, რომ ქართველ მეწარმეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ან არ იცნობდნენ იქაურ სტრუქტურებს, ამ რესურსის გამოყენება პრაქტიკულად არ ხდებოდა. ისევე, როგორც უცხოელები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ – უკრაინის, პოლონეთის მეწარმეები, მათაც მიეცეთ საშუალება, რომ ქართული ბიზნესომბუდსმენის აპარატთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილის აზრით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერება, რასაც აღნიშნული კონფერენცია ემსახურებოდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ყველა ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი სხვადსხვაგვარია. მაგალითად, უკრაინაში სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს და ევროკავშირი აფინანსებს. ალბანეთში სულაც სამინისტროა შექმნილი. ანუ ყველა ქვეყანაში აქვს თავისებურებები და ამის გაზიარება საბოლოო ჯამში, ვფიქრობ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით შედგა პირველი კომუნიკაცია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ორგანიზაცია ამ კონტაქტების დამყარებაში, გარკვეული საორგანიზაციო თემების მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარა.მე დღეს კონფერენციაზე აღვნიშნე და ვიმეორებ: ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერება ეს არ არის თვითმიზანი. ეს არის იმის ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს საბოლოო ჯამში ქვეყანაში კეთილდღეობის, მეტი მდიდარი ადამიანის, ბიუჯეტში მეტი გადახდილი თანხის, მეტი სოციალური პოლიტიკის საფუძველია. ასე რომ, ძალიან პრაგმატული მოსაზრებები გააჩნიათ ჩვენს კოლეგებს და დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს. ჩვენ ვიცით, რისთვის გვინდა, რომ ეს ინსტიტუტი საქართველოში გაძლიერდეს“, – განაცხადა კალანდაძემ „ბიზნესპარტნიორში“.