ლევან იზორია - დავრჩები თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, პრემიერის პრეროგატივაა
ლევან იზორია - დავრჩები თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, პრემიერის პრეროგატივაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან იზორიას განცხადებით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

როგორც იზორია ამბობს, თავდაცვის მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები აქვთ.

„ვრჩები თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ – ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გვაქვს ამ გეგმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც აღიარებულია ნატო-სა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის მობილიზება“, – განაცხადა ლევან იზორიამ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.