ლევან იოსელიანი - ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს
ლევან იოსელიანი - ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან.

„ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს. მიუხედავად იმისა, ვინ არის სტუმარი და რამდენად ცნობილია, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და ბრალს გვდებს 2008 წლის ომის დაწყებაში, საქართველოში ასეთი ადამიანი, სულ მცირე, არ უნდა შემოუშვან იმ ფორმით, რაც იყო“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა.