ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია, დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა
ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია, დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა

მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს მაინც მიაღწია და დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან გადაიტანა მის სასარგებლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც იოსელიანის თქმით, სამწუხაროა, რადგან ეს პერიოდი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა.

„დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად, ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, რომ სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო. დიახ, სახურავებზე და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში სააკაშვილი. თუ ჩამოვიდა, სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს და ამტკიცებს, რომ ე.ი. საზღვარი ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს და შეიძლება, შეხვიდე-გამოხვიდე, თუმცა არც საპირისპირო გამიკვირდება, რომ ეს იყოს ტყუილი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა. ის, რომ დღეს, არჩევნების წინა დღეს მედია კონცეტრირებულია სხვა საკითხზე და არავინ საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს მხოლოდ სამწუხაროა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.