ლევან იოსელიანი - ხელისუფლება აუცილებლად არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და შემდგომი ხელისუფლება იყოს დაბალანსებული მრავალპარტიული წარმომადგენლობით
ლევან იოსელიანი - ხელისუფლება აუცილებლად არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და შემდგომი ხელისუფლება იყოს დაბალანსებული მრავალპარტიული წარმომადგენლობით

დღეს დავარქვით ამას პოლარიზაცია, მაგრამ 30 წლის წინ, რასაც ახლა პოლარიზაცია დავარქვით, ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც მერე ომში გადაიზარდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არის, ასე ვთქვათ, თანმდევი სენი, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, როდესაც პრინციპულად ვერ ხდება შეთანხმება ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე და სადაც პრაქტიკულად, არ არსებობს გადაკვეთის წერტილები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის. ეს დაპირისპირება ყოველთვის მიდის შედეგამდე, რომელიც ქვეყნისთვის, როგორც წესი, არის საზიანო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრჯერ შეიქმნა დაპირისპირების მაგალითი და სამწუხაროდ, ვერც ერთხელ ვერ შეიქმნა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი.

„2012 წელი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდა. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ამ მიღწევას უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა გავუფრთხილდეთ იმ თვალსაზრისით, რომ აუცილებლად არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და შემდგომი ხელისუფლება აუცილებლად უნდა იყოს დაბალანსებული მრავალპარტიული წარმომადგენლობით. მეც რომ მოვიდე ხელისუფლებაში, არ უნდა მქონდეს იმის მოთხოვნილება და განცდა, რომ მიუხედავად იმისა, დღეს მაქვს ძალა, ოპონენტს ხელი გადავუგრიხო, ეს გავაკეთო და მთელი ჩემი რესურსი უნდა დავხარჯო თქვენთან შეთანხმებაზე. პოზიციების დათმობა კი რთული პროცესია – სადღაც შევთანხმდებით და სადღაც ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასე ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ პოლიტიკა, სადაც ყველა მხარე მოგებული რჩება. სხვანაირად, ეს ქვეყანა ისევ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის არის განწირული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და მოხდეს საარჩევნო ბარიერის დაწევა, რათა სამომავლოდ, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება.

„სამოქალაქო დაპირისპირება აუცილებლად მოხდება, თუ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია აღმოჩნდება და დანარჩენი მოქალაქეების აზრი ქუჩაში დარჩება. მაშინ, როდესაც ეს განწყობები ქუჩაში რჩება, ფაქტია, პოლიტიკური სისტემა არ არის ისეთი მყარი, როგორიც უნდა იყოს. დაბალი ბარიერი იმის განცდას კი არ უნდა აჩენდეს, რომ აი, რაკი დაბალია, პარლამენტში ბევრი პარტია შევა?! არა, დაბალმა ბარიერმა პარლამენტში უნდა შეიტანოს ბევრი პოლიტიკური საზრისი – განსხვავებული ადამიანები განსხვავებული პოლიტიკური ხედვებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხთან დაკავშირებით აქტიურობას, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან მიმართებით შეთანხმების მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ჯერ არ მომხდარა შეხვედრა, მაგრამ ალბათ, ახალი წლების შემდეგ იქნება რაღაც შეხვედრა, სადაც ჩვენ დავიწყებთ დისკუსიას, ეს ცვლილებები როგორი უნდა იყოს, იმ ფორმით უნდა დარჩეს, თუ შეიძლება, რაღაც შეიცვალოს და ასე შემდეგ. ისევე, როგორც ყველა, მე დაინტერესებული ვარ, არჩევნები სრულად პროპორციული, დაბალი ბარიერით ჩატარდეს და მომავალ პარლამენტში ამან გზა გაუხსნას სიახლეებს. მე არ ვაპირებ ამ პროცესისგან განზე დგომას. ვაპირებ, ამ პროცესში აქტიური ვიყო და ვიმუშაო მათ შორის, ორივე მხარესთან. იმიტომ, რომ ეს ჩიხია, როდესაც ერთი მხრიდან ისმის – შენ თუ კარგად არ მოიქცევი, ამას არ ვიზამ, მეორე მხრიდან კი – ერთი სიტყვაც თუ შეიცვლება, ყველაფერზე უარს ვამბობ. ასე არ ხდება. ყველამ რაღაც უნდა დათმოს და ყველამ რაღაც რომ უნდა დათმოს, ამ პროცესში მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო, თუ მე ამას შევძლებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.