ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს კიევსა და ვარშავაში შეხვედრებს გამართავს 
ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს კიევსა და ვარშავაში შეხვედრებს გამართავს 

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან, დმიტრო ლუბინეცთან. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.