ლევან გოგიჩაიშვილი - მნიშვნელოვანია გაირკვეს, იყო თუ არა მუქარა მამუკა ხაზარაძეზე, კითხვები არსებობს და ეს ამბავი ასე არ დასრულდება
ძალიან მნიშვნელოვანია, გაირკვეს ის, რაც გუშინ კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, იყო თუ არა მუქარა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ჯერ არ ჩამოყალიბებულან უნდა შეიქმნას თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რაც გუშინ მამუკა ხაზარაძემ ილაპარაკა, შედგა თუ არა ასეთი კომუნიკაცია, იყო თუ არა მუქარა, რომელიც მისი მხრიდან აღქმული იყო, როგორც მუქარა. მუქარა ინდივიდუალურ აღქმაზეა, შენ როგორ აღიქვამ. კითხვის ნიშნები არსებობს. ეს ამბავი ასე არ დასრულდება, ვფიქრობ, გიორგი გახარიაც და შალვა თადუმაძეც უნდა მოვიდნენ. კითხვები დაგროვდა, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, თუ ასეთი წერილი არსებობს, ამას სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
„თამასა იმხელაზეა აწეული, რომ აქედან რომელიმე მხარე ძალიან სერიოზულად დაზარალებული გამოვა. თუ წერილი არსებობს, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები უნდა მოჰყვეს. ორივე მხარემ იმხელაზე აწია თამასა, აქედან ვერც ერთი მხარე ვერ გამოძვრება. სამართალდამცველების მხრიდან რადიკალური ნაბიჯები დიდი შეცდომა იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.
მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამასთან, ხაზარაძეს მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. ხაზარაძე სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ წერილი თან აქვს.