ლევან გოგიჩაიშვილი - ცხრა დეპუტატის ინიციატივა თუ პრობლემაა, გვერდით გავიწევით, მოგვცენ გარანტია, რომ ჩინჩალაძეს არ აბარებენ უვადოდ სასამართლოს
ლევან გოგიჩაიშვილი - ცხრა დეპუტატის ინიციატივა თუ პრობლემაა, გვერდით გავიწევით, მოგვცენ გარანტია, რომ ჩინჩალაძეს არ აბარებენ უვადოდ სასამართლოს

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება არ არის გულწრფელი.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, თუ ცხრა დეპუტატის ინიციატივაა პრობლემა, ისინი გვერდით გაიწევიან.

„მოგვცენ იმის გარანტია, რომ ჩინჩალაძეს არ აბარებენ უვადოდ სასამართლოს. რას ნიშნავს კანონპროექტს ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან ინიციატივას ვინ გამოიჩენს. ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გვერდზე გავიწევით. პრობლემა არ არის, ამას ჩემთვის კი არ ვაკეთებ. თუ რამის გაკეთება უნდოდათ, ვფიქრობ, მორატორიუმი პირველი პასუხია ამაზე. განცდა, რომ ჩინჩალაძეს ვიღაც დასანიშნი ჰყავს და იმ მოსამართლეს რა ეშველება, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანში ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხოს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა ორჯერ შედგა.

„ჩვენ ორივეჯერ ვთქვით, რომ კანონპროექტს მოვამზადებდით და ამ კანონპროექტს პარლამენტში ინიციატივის სახით შევიტანდით. არც იმ ადამიანებს არაფერი არ უთქვამთ, ვინც დღეს ერთმანეთს ვერ ასწრებენ თქვან, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია ან სასამართლოს პრობლემა ექმნება. ერთი სიტყვა ვინმეს გულწრფელად რომ ეთქვა ჩავთვლიდი, რომ მართალი არ ვარ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც ცხრა დეპუტატმა მოამზადა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტი მოამზადეს დეპუტატებმა: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.