ლევან გოგიჩაიშვილი - არ დავუშვებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს
ლევან გოგიჩაიშვილი - არ დავუშვებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს

არ დავუშვებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი გახდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთია, რას ფიქრობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მეორე – პლენარული სხდომა.

„ვურჩევ მათ, დღის წესრიგში მალე ჩასვან კანონპროექტი, რადგან შეიძლება, მალე დადგეს რეალობა, რისიც გვეშინოდა – ცოტა ხანში კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი იყოს. ამას არ დავუშვებთ. იუსტიციის საბჭოს ვერ ჩავუგდებთ ხელში ამ კომიტეტს, ეს ყველამ უნდა იცოდეს. უმჯობესი იქნება, სხდომა დანიშნონ, რათა მეტი კითხვა არ გაჩნდეს საზოგადოებაში. ნუ გვეჯიბრებიან, საზოგადოებრივი დაკვეთა შეასრულონ. ჩვენთან ჯიბრი კარგით არავისთვის დასრულდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთია იმ ცხრა დეპუტატს შორის, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს.  ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს იმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევის საკითხი უნდა განიხილონ.