ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პროექტი კომპლექსურია, რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი გვყავს, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ და სახელმწიფოსთან საუბრობენ
ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პროექტი კომპლექსურია, რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი გვყავს, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ და სახელმწიფოსთან საუბრობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება.

ლევან დავითაშვილის თქმით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე შემუშავებულია პროგრამა, რომელიც ანაკლიის განვითარებას გულისხმობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საქართველომ გააუმჯობესოს ის ინფრასტრუქტურა, რაც აქვს. ინფრასტრუქტურული ჩავარდნა ერთ-ერთი გამოწვევაა იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ მიმართულებებზე, ერთ-ერთი არის სატვირთო გადაზიდვები და აქაც კონკრეტულ კრიტიკულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიდის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ გაიხსნა ახალი ტერმინალი. ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. რეალურად, როდესაც ახალი პორტი შენდება, ის არის გათვლილი უფრო მაღალ სიღრმეებზე, უფრო მეტი ტვირთამწეობის გემებზე გათვლილი. ანაკლიის პროექტი კომპლექსურია, საკმაოდ დიდია. მინდა, გითხრათ, რომ რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი გვყავს, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ და სახელმწიფოსთან საუბრობენ. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა ცნობილ საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტთან, საკონსულტაციო კომპანიასთან. ეს არის ჰოლანდიური კომპანია „ემთიბიესი“, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები.

ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონოდა აქცენტი მხოლოდ ერთ პორტზე, რადგან ეს ერთმანეთთან იმდენად დაკავშირებულია, რომ არ გამოვიდოდა სხვანაირად. ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, არის დასკვნები გაკეთებული. ეს ომამდე იყო. ამის საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ მთელი რიგი პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს. მათ შორის, მოიცავს საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხს და საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.