ლევან დავითაშვილი - მცირე მთავრობის მიზანია, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე დრო მაქსიმალურად შემოკლდეს
ლევან დავითაშვილი - მცირე მთავრობის მიზანია, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე დრო მაქსიმალურად შემოკლდეს

მცირე მთავრობის იდეა, რა თქმა უნდა, მისაღებია, რადგან პირდაპირ მმართველობით რეფორმასა და მმართველობის გაუმჯობესებას უკავშირდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, მცირე მთავრობის მიზანია, მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებაში უფრო ეფექტიანი იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე დრო მაქსიმალურად შემოკლდეს.

კითხვაზე, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელიც პრემიერობის კანდიდატმა სამ კვირაში უნდა წარადგინოს, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ გუნდში იმსჯელებენ და მთავრობის საბოლოო შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.

„მამუკა ბახტაძეს რამოდენიმე წელია ვიცნობ. ჩვენ ერთ გუნდში ვმუშაობთ და მასთან მუშაობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესოა. მე გუნდის ნაწილი ვარ და გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული ვიქნები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.